top of page

შფოთვა და შფოთვითი აშლილობა

ყველა ადამიანს გვიგვრძვნია შინაგანი დაძაბულობის, განგაშის, საშიშროების მოლოდინის განცდა, როდესაც გულისცემა იმატებს, მუცლის არეში სიცარიელეს და დაჭიმულობას ვგრძნობთ, გვიოფლიანდება ხელები. ეს შეგრძნებები საკმაოდ არასასიამოვნოა, თუმცა, საშიშ და სტრესულ სიტუაციაში მოხვედრისას აბსოლუტურად ნორმალური და საჭიროც კია. ის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის გარემოსა და ჩვენი თავის შესახებ.

შფოთვა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური და საკმაოდ მნიშვნელოვანი, საჭირო ნაწილია, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ჩვენი ფიზიკური მთლიანობის შენარჩუნებასა და  გადარჩენაში. წარმოიდგინეთ, თუკი დიდი სიმაღლიდან გადმოხედვისას ოდნავადაც არ დავიძაბებით, ან არ გვექნება რეაქცია მტაცებელი ცხოველის დანახვისას, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს?

მეტიც, შფოთვის ოპტიმალური დონე მობილიზებაში და სხვადასხვა საქმიანობის უკეთ შესრულებაში გვეხმარება; გამოცდის წინ შფოთვა ერთგვარი ბიძგია, რომ ჩასაბარებელი მასალა სათანადოდ მოვამზადოთ, ყურადღებით ვიყოთ უშუალოდ წერის დროს. როდესაც ვშფოთავთ, ეს მდგომარეობა გვანიშნებს, რომ მიმდინარე სიტუაცია თუ საქმიანობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენს ყურადღებას მოითხოვს. მაგრამ, ზოგჯერ მობილიზების ენერგიის მომცემი შფოთვა სცდება სარგებლის მომტან საზღვრებს:

  • თუ ბოლო 2 კვირის მანძილზე ადამიანი მოცულია ძლიერი შფოთვით უმეტესი დღეების განმავლობაში;

  • ვერ ახერხებს ამ მდგომარეობისგან გათავისუფლებას, ყურადღების გადატანას და დამშვიდებას;

  • შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს უჭირს ერთ ადგილას ჯდომა და კონცენტრაცია;

  • თუ შფოთვა გრძელდება სტრესული სიტუაციის დასრულების შემდგომაც;

  • იმდენად ძლიერია, რომ მობილიზების ნაცვლად პარალიზებას იწვევს;

  • აღმოცენდება რეალური საფრთხის არარსებობის პირობებშიც;

ამ დროს შფოთვა დამხმარე მდგომარეობის ნაცვლად პრობლემად იქცევა და შესაძლოა, შფოთვით აშლილობად ჩამოყალიბდეს. თუკი ბოლო 2 კვირის მანძილზე ადამიანი მოცულია ძლიერი შფოთვით უმეტესი დღეების განმავლობაში, ვერ ახერხებს ამ მდგომარეობისგან გათავისუფლებას, ყურადღების გადატანას და დამშვიდებას, ან თუ შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ მას უჭირს ერთ ადგილას ჯდომა და კონცენტრაცია, შესაძლოა, საქმე შფოთვით აშლილობასთან გვქონდეს.

შფოთვითი აშლილობა

შფოთვითი აშლილობები სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს. შეიძლება ადამიანი მუდმივად დაძაბული იყოს, ან, კონკრეტული სიტუაციების, მოვლენების შიში ჰქონდეს (მაგალითად, ხალხმრავალი ადგილების ან ღია სივრცეების, მწერების). ზოგჯერ შფოთვა მოულოდნელად აღმოცენდება, ზოგჯერაც ვიცით, რა სიტუაციაში შეიძლება ეს დაგვემართოს. შფოთვითმა სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინოს დეპრესიული მდგომარეობის დროსაც, ამიტომაც, თუკი საკუთარ თავს ან ახლობელს რაიმე მსგავსს შევატყობთ, მნიშვნელოვანია კარგად დავაკვირდეთ, კონკრეტულად რა უფრო გვაწუხებს, დაძაბულობა, თუ დათრგუნული გუნებ-განწყობა? პირველად რომელმა პრობლემამ იჩინა თავი? რა სირთულეებს აწყდება ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები გამოყოფენ შფოთვითი აშლილობების შემდეგ ფორმებს:

  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა − ამ დროს შფოთვა და შინაგანი დაძაბულობა ადამიანის ცხოვრების ფაქტობრივად მუდმივი თანამგზავრი ხდება და არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ სიტუაციასა თუ მოვლენასთან;

  • ობსესიურ-კომპულსური აშლილობა − გონებაში შემოჭრილი აზრები და ხატები, მაგალითად, აზრი დაბინძურების, ავად გახდომის შესახებ, ძლიერ შფოთვას იწვევს, რის გასანეიტრალებლადაც ადამიანი სხვადასხვა რიტუალებს/კომპულსიებს მიმართავს (ამ შემთხვევაში, მაგალითად, ხელების ხშირად, დიდი დროის განმავლობაში დაბანას); თუმცა, უმეტეს შემთხვევებში რიტუალები დაძაბულობის შემცირების ნაცვლად პირიქით, შფოთვა მატულობს;

  • ფობიკური აშლილობა − ამ ფორმის შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს აქვს კონკრეტული მოვლენის ან არსების არარაციონალურად ძლიერი შიში. მაგალითად, შეიძლება იმდენად ეშინოდეს ღია სივრცეების, რომ საერთოდ ვერ გამოდიოდეს სახლიდან; ან, პირიქით, იმდენად იძაბებოდეს დახურულ სივრცეში ყოფნისას, რომ ვერ სარგებლობდეს ლიფტით/მეტროთი;

  • პანიკური აშლილობა − პანიკური აშლილობის დროს ადამიანს ახასიათებს ძლიერი, უკონტროლო შფოთვის შეტევები, მწვავე ფიზიკურ რეაქციებთან ერთად, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, კანკალი, სიკვდილის შიში; ხშირად ამ სიმპტომების თავდაპირველი ინტერპრეტაცია გულის შეტევა ან ჯანმრთელობის რაიმე სხვა პრობლემაა.

თუკი შფოთვა იმდენად ძლიერი ხდება, რომ ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიური საქმეების შესრულებაში, პირად თუ სამსახურეობრივ ურთიერთობებში, დასვენებაში და ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან სხვა საქმეებში, სასურველია მივმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. თვითმკურნალობისთვის მიმართვა და სხვადასხვა მედიკამენტების მიღება კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებული დანიშნულების და სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე, შესაძლოა უფრო დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს.

შფოთვის მართვა

ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, შედარებით მსუბუქი ხასიათის შფოთვა სხვადასხვა ხერხით შეგვიძლია ვმართოთ, რაც მნიშვნელოვანი საქმეების ხარისხიანად შესრულებაში და სათანადოდ განტვირთვაში დაგვეხმარება:

  • ყურადღება მიაქციეთ მოხმარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების რაოდენობას; ჩაისა და ყავის გადაჭარბებულად მოხმარებულმა რაოდენობებმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გუნებ-განწყობაზე; კოფეინის ზემოქმედების ქვეშ იზრდება გულისცემა, რამაც შეიძლება განგაშის და დაძაბულობის განცდა გაგვიჩინოს;

  • დაუთმეთ დღეში რამდენიმე წუთი სარელაქსაციო სავარჯიშოებს. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ სუნთქვითი სავარჯიშოების რეგულარულად კეთება სასიკეთო გავლენას ახდენს ემოციების მართვის უნარზე და ამცირებს სტრესის უარყოფითი გავლენის შედეგებს; შფოთვის მდგომარეობაში ყოფნისას, 2-3 ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც კი დაგეხმარებათ სიტუაციის უკეთ გაანალიზებასა და სათანადოდ მოქმედებაში;

  • სცადეთ შფოთვის შემცირების სხვადასხვა ტექნიკები და იპოვნეთ თქვენთვის შესაფერისი (ფიზიკური აქტივობა, მუსიკა, ხატვა, სუნთქვა; შეიძლება, სულაც, ცხელი აბაზანა დაგეხმაროთ);

  • როდესაც შფოთვას და დაძაბულობას იგრძნობთ და რეალური საფრთხე გარშემო არ არის, დააყოვნეთ ნებისმიერი სახის რეაგირება და ჰკითხეთ თქვენს თავს, რას გრძნობთ ახლა? სად არის ეს შეგრძნება კონცენტირირებული სხეულში? რა შეიძლება ამ შეგრძნების მიზეზი იყოს? საკუთარ თავზე დაკვირვება და ცოდნა, რა სიტუაციაში შეიძლება შფოთვის მაღალმა დონემ ხელი შეგვიშალოს, დაგვეხმარება ჩვენი მდგომარეობის ეფექტურად მართვაში.

შფოთვის უკეთ სამართავად, შეგიძლიათ გაეცნოთ სარელაქსაციო სავარჯიშოებს.

შფოთვითი აშლილობის შესაფასებელი კითხვარი

GAD-7 გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შესაფასებელი 7-პუნქტიანი სკრინინგ-კითხვარია, რომელიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ მეტი შეიტყოთ. თქვენი პასუხების მიხედვით, კითხვარის ქულა დაგეხმარებათ განსაზღვროთ შფოთვის დონე. 

გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ პირველადი შეფასების ინსტრუმენტია, და, თუ ფიქრობთ, რომ შფოთვა უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხელს გიშლით სხვადასხვა საქმიანობაში, იქნება ეს სწავლა თუ ადამიანებთან ურთიერთობა, ან თუ კითხვარის პასუხი 10 ქულა და ზევით იქნება, უფრო ზუსტი ინფორმაციის/კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს მიმართოთ.

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცენტრები

სხვა ფსიქიკური მდგომარეობები

bottom of page